გენერალური ხელშეკრულება საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ

1. ტერმინთა განმარტება:

თუ ხელშეკრულების ან მისი დანართ(ებ)ის კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებისა და დანართ(ებ)ის ტექსტში
ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
საკომუნიკაციო მომსახურება - ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ადგილობრივი,
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ზარების წამოწყების და დასრულების, აგრეთვე ზარების ტრანზიტული გატარების და SMS
მომსახურება;
დამატებითი საკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ძირითადი მომსახურების გარდა
შეთავაზებული სხვა მომსახურება, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ატეესის მოწყობა, დაქსელვა და სხვა;
აბონენტი – აბონენტი, რომელიც წარმოადგენს ბოლო მომხმარებელს და რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურება;
ოპერატორი - შპს ინექსფონი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებულ და
ლიცენზირებულ სუბიექტს და რომელიც აბონენტთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის მას ელექტრონულ
საკომუნიკაციო მომსახურებას;
მომსახურების შეზღუდვა – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდული პირობებით მიწოდება
(საერთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირთან დაშვების შეზღუდვა, შემომავალი ზარის შეზღუდვა, გამავალი ზარის შეზღუდვა ან სხვ.),
რა დროსაც დაუშვებელია საგანგებო ნომრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა თუკი აღნიშნულს ითვალისწინებდა მომსახურება;
მომსახურების შეწყვეტა – მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად
შეწყვეტა, ამ ხელშეკრულების შესაბამისად, რა დროსაც მომხმარებელს ერთმევა საშუალება ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული
მომსახურებით;
პერსონალური ინფორმაცია – ინფორმაცია მომხმარებლის ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართის, მიღებული მომსახურების და
გადახდის შესახებ, ასევე, მომხმარებლის სხვა მონაცემები, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას.
ტარიფი – მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეზე დადგენილი საფასური;
სატარიფო გეგმა – მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ტარიფების ნუსხა;
ანგარიში – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ანგარიში გასულ საანგარიშო თვეს/საანგარიშო პერიოდში,
ასევე არასაანგარიშო პერიოდში მის მიერ გაწეული მომსახურების სახის (მათ შორის სააბონენტო გადასახდელი, წუთობრივი მომსახურების
საფასური ან/და სხვა გაწეული მომსახურების მითითებით);
მესამე პირი – პირი, რომელიც არაა მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ან მომხმარებელი;
ტექნიკური საშუალებები – ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მომსახურების მისაღებად დროებით სარგებლობაში
გადაცემული/გადასაცემი ან/და აბონენტის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, რომელიც გამოიყენება
მომსახურების მისაღებად, მათ შორის სატელეფონო აპარატი და სხვ.
პორტირება – აბონენტის არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და
საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ოპერატორის სხვა ოპერატორით შეცვლისას;
ფროდი - საკომუნიკაციო მომსახურებაში არსებული თაღლითური ქმედება;
SMS - მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც შედგება 160 ლათინური ან 70 ქართული სიმბოლოსგან;
არხი - ერთდროულად გამავალ-შემომავალი ზარების რაოდენობა

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ოპერატორი სთავაზობს აბონენტს საკომუნიკაციო მომსახურებებს, რომელთა
სრულყოფილი ჩამონათვალი განთავსებულია ოპერატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.inexphone.ge);
2.2. შესაბამისი საკომუნიკაციო მომსახურების ან დამატებითი საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად სავალდებულოა მხარეთა
შორის შესაბამისი დანართის გაფორმება. დანართით განისაზღვრება მომსახურების გაწევის სპეციალური პირობები. დანართით
განსაზღვრულ პირობებსა და ტარიფებს ენიჭება უპირატესობა ოპერატორის მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.inexphone.ge)
განთავსებულ პირობებსა და ტარიფებთან მიმართებით;
2.3. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს გენერალურ ხელშეკრულებას, რომელიც ადგენს ოპერატორსა და აბონენტს შორის
საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისა და მიღების ძირითად პრინციპებსა და პირობებს;

3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

3.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ორმხრივი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით.
ხელშეკრულება ავტომატურად ჩაითვლება გაგრძელებულად იმავე ვადითა და იმავე პირობებით, თუკი ხელშეკრულების ვადის
გასვლამდე სულ მცირე 2 კვირის ვადით რომელიმე მხარე წერილობით არ განაცხადებს მისი შეწყვეტის შესახებ;
3.2. თითოეულ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან მის ფარგლებში მოქმედი შეწყვეტის შესახებ მეორე
მხარისთვის სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე შეტყობინების გზით;
3.3. ხელშეკრულება შესაძლებელია ვადაზე ადრე შეწყდეს შეწყვეტისთვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დაცვის გარეშე მხოლოდ
მხარეთა შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრულ
შემთხვევებში;

4. მომსახურების შეზღუდვის და შეწყვეტის უფლება

4.1. აბონენტის მიერ მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ოპერატორს უფლება აქვს თავისი
შეხედულებისამებრ შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურების მიწოდება;
4.2. ოპერატორმა გონივრულ ვადაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით უნდა აცნობოს აბონენტს მომსახურების
შეზღუდვის ან შეწყვეტის ღონისძიების გამოყენების და მომსახურების მიწოდების აღდგენისთვის საჭირო ზომების შესახებ;
4.3. თითოეულ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს შესაბამისი დანართით გათვალისწინებული კონკრეტული საკომუნიკაციო
მომსახურების შეთანხმება, ამის შესახებ მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე გაგზავნის
გზით. ამ პუნქტის შესაბამისად რომელიმე ტიპის საკომუნიკაციო მომსახურების შეწყვეტა ავტომატურად არ ნიშნავს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული რომელიმე სხვა საკომუნიკაციო მომსახურების შეწყვეტას.
4.4. მხარეებს უფლება აქვთ 4.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაუცველად შეწყვიტონ შესაბამისი მომსახურების მიწოდების
შესახებ შეთანხმება ურთიერთშეთანხმებით, აგრეთვე ამ ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში;
4.5. მხარეები თანხმდებიან, რომ სატარიფო გეგმის ცვლილების შემთხვევაში აბონენტს უფლება აქვს ვადის დაუცველად,
ცალმხრივად შეწყვიტოს მომსახურების მიღება ცვლილებების ამოქმედებამდე;

5. ანგარიშსწორების პირობები

5.1. საანგარიშსწორებო პერიოდს წარმოადგენს კალენდარული თვე;
5.2. თუ დანართით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული
მომსახურებისთვის დადგენილი ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების მიზნით, ოპერატორი ვალდებულია ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით გაუგზავნოს აბონენტს ინვოისი და თუკი აბონენტი რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, გამოწეროს მის სახელზე
ანგარიშფაქტურა არაუგვიანეს საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა. ხოლო აბონენტი იღებს
ვალდებულებას, რომ დაფაროს მომსახურების ღირებულება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 25
(ოცდახუთი) რიცხვში;
5.3. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ერთჯერადი საკომუნიკაციო მომსახურების ან ტექნიკური
საშუალებების საკუთრებაში გადაცემისთვის გათვალისწინებული საფასურის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მხარეთა შორის
გაფორმებული შესაბამისი დანართით გათვალისწინებული პირობებით;
5.4. საანგარიშსწორებო თანხის სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, აბონენტს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი
საანგარიშსწორებო პერიოდის ანგარიში. ასეთ შეთხვევაში, ოპერატორი ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს
აბონენტისათვის ანგარიშის მიწოდება. ამასთანავე, მხარეები თანხმდებიან, რომ ოპერატორის მიერ წარდგენილ ანგარიშში ასახული
ინფორმაცია საბოლოოა და არ ექვემდებარება გადამოწმებას გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც სახეზეა აშკარა შეცდომა.

6. ძირითადი პირობები

6.1. მხარეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებითა და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
6.2. ოპერატორი ვალდებულია
6.2.1. დათქმულ დროს და დათქმულ ვადებში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა და მიიღოს გონივრული ზომები, რათა
თავიდან იქნას აცილებული ისეთი სახის შეფერხებები, რომლებიც ოპერატორის საქმიანობიდან გამომდინარეობს;
6.2.2. უზრუნველყოს, რომ აბონენტს დროულად მიეწოდოს ინფორმაცია შეღავათების, დამატებითი მომსახურებების,
სატარიფო გეგმისა თუ მომსახურების პირობებში არსებული ცვლილებების შესახებ; ამასთანავე, სატარიფო გეგმასთან
დაკავშირებული ცვლილებების შეტყობინება უნდა განხორციელდეს სულ მცირე 1 (ერთი) კვირით ადრე.
6.2.3. დაიცვას აბონენტისა და მისი წარმომადგენლების პერსონალური თუ სხვა ტიპის მონაცემები; ოპერატორი
უფლებამოსილია გაამჟღავნოს აღნიშნული მონაცემები მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
6.3. აბონენტი ვალდებულია
6.3.1. დათქმულ დროს გადაიხადოს მომსახურების ტარიფები და ტექნიკური საშუალებების ღირებულება (ასეთის მიწოდების
შემთხვევაში);
6.3.2. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ოპერატორს ტექნიკური ხასიათის სამუშაოების შესრულებაში. აღნიშნული ხელშეწყობა
აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციის დეტალურ მიწოდებას;
6.3.3. დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და გაუფრთხილდეს ოპერატორის ქონებას;
6.3.4. არ გაამჟღვანოს ოპერატორთან დაკავშირებით ან ოპერატორისგან მიღებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის
საჯაროდ ხელმისაწვდომი;
6.3.5. არ გაამჟღავნოს მხარეთა შორის გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული
დანართ(ებ)ის პირობები, მათ შორის მომსახურების სპეციალური ტარიფების შესახებ;

7. მხარეთა პასუხისმგებლობა და მისი შეზღუდვა

7.1. მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების
დარღვევით მეორე მხარისთვის მიყენებულ ზიანზე;
7.2. ოპერატორი პასუხს არ აგებს მომსახურების ისეთი შეფერხებებისთვის, რომლებიც გამომდინარეობს ოპერატორისგან
დამოუკიდებელი მიზეზებიდან როგორიც შეიძლება იყოს მათ შორის კოლოკაციის ცენტრში დაზიანება, ინტერნეტის მიწოდების
შეზღუდვა ინტერნეტ პროვაიდერის მხრიდან, აბონენტის საოპერაციო ადგილას ქსელის გაუმართაობა და სხვა;
7.3. აბონენტი ვალდებულია მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და არ დაუშვას მისთვის გადაცემულ
სატლეკომუნიკაციო საშუალებებზე ფროდის განხორციელება. აბონენტი პასუხისმგებელია ფროდით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურებაზე, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ფროდი არ არის აბონენტის უშუალო და აქტიური მოქმედების შედეგი. ამ
პუნქტის მიზნებისთვის, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი სახის ზიანი თუ სანქცია, რომელიც შესაძლებელია ოპერატორს
დაეკისროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ან საქართველოში ავტორიზებული სხვა სუბიექტებისგან;

8. სავაჭრო ნიშნები და საავტორო უფლებები

8.1. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ თუ დამატებით რაიმე შეთანხმებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული,
წინამდებარე ხელშეკრულებით არ ხორციელდება სავაჭრო, სასაქონლო, საავტორო ან რაიმე სახის სხვა ინტელექტუალური
საკუთრების გადაცემა.
8.2. აბონენტის მიერ ოპერატორის სახელის, სავაჭრო ან სასაქონლო ნიშნის, ლოგოტიპის, აგრეთვე ავტომოპასუხის ხმოვანი
მომსახურების, მათ შორის სატელეფონო მელოდიის ან რაიმე სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის ან
უნებართვო გამოყენების შემთხვევაში, ოპერატორს უფლება აქვს დააკისროს აბონენტს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარამდე
ოდენობით;

9. შეტყობინება

9.1. მხარეთა შორის ოფიციალური კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს ოფიციალური ელექტრონული ფოსტა.
9.2. ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად მიუხედავად იმისა, ადრესატი
ფაქტობრივად გაეცნო თუ არა შეტყობინების შინაარსს;
9.3. თითოეული მხარე ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი მის მიერ ელექტრონული ფოსტის შესაბამისი მონაცემების
დაკარგვაზე, რასაც შესაძლოა გამოეწვია ელექტრონული ფოსტის არაავტორიზებული პირების მიერ გამოყენება;
9.4. თითოეული მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს მისი ელექტრონული ფოსტის ცვლილების შესახებ;
9.5. მხარეთა ოფიციალური ელექტრონული ფოსტები მითითებულია რეკვიზიტებში

10. ზოგადი დებულებები;

10.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ მიერ გაფორმებულ დანართებს და დამატებით შეთანხმებებს ენიჭებათ უპირატესობა
წინამდებარე ხელშეკრულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, თუკი დანართის დებულებები წინააღმდეგობაში მოდის ამ
ხელშეკრულებასთან - მოქმედებს დანართი;
10.2. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით;
10.3. მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერი დავა გამომდინარე ამ ხელშეკრულებიდან და
მასთან დაკავშირებული აქცესორული ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან,
ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან, ასევე წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული
საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობასა და არ არსებობასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველად და საბოლოო
გადასწყვეტად გადეცემა შპს ,,ფინანსური დავების არბიტრაჟს ‘’ (ს/კ 405171353; შემდგომში - არბიტრაჟი). აღნიშნული არბიტრაჟი
საქმეს განიხილავს საკუთარი დებულებით დადგენილი წესით. ამასთან გამოიყენება არბიტრაჟის დებულების ის რედაქცია, რომელიც
მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისთვის. საქმეს განიხილავს არბიტრაჟი ერთი არბიტრის შემადგენლობით,
რომელსაც ნიშნავს არბიტრაჟი. საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს თბილისი, საქართველო. საარბიტრაჟო განხილვა
წარმოებს ქართულ ენაზე;
10.4. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული
გადაეცემა შესაბამის მხარეს;

Page Title